კულტურის მინისტრი გორის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო

ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში დაგეგმილი კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ კოლეჯის დირექტორისგან ნადეჟდა მანჯავიძისგან მოისმინა.
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის სახელობის კოლეჯი ათწლეულების განმავლობაში ემსახურება ქართული მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდას.
„კოლეჯის მრავალწლიანი საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად, ყველა იმ საჭიროების ეტაპობრივ დაკმაყოფილებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რაც არსებობს. სასწავლებლის ინფრასტრუქტურა გასაახლებელია, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გარდა ამისა, ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია მოსწავლეებს ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიღების და შემოქმედებითი პოტენციალის სრულად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. სახელოვნებო სასწავლებლებს თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამები უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუსიკო კოლეჯის შენობაში დაგეგმილია ინტერიერისა და ფასადის აღდგენა; საკონცერტო დარბაზის განახლება; ინკლუზიური გარემოს სრული უზრუნველყოფა, რათა მუსიკალური განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.
კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.
 
 

სსიპ – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის 15 სექტემბერს, 12:00 საათზე

 ახალი სასწავლო წელი — ახალი მიზნები, ახალი შესაძლებლობები და ახალი მუსიკალური თავგადასავლები! 

 სსიპ – ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბერს, 12:00 საათზე.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, პროფესიულ სტუდენტებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

 გისურვებთ საინტერესო სასწავლო პროცესს, ბევრ შემოქმედებით იდეას, პროფესიულ განვითარებას, წარმატებულ გამოსვლებსა და მუსიკით სავსე ლამაზ დღეებს!

 ერთად დავიწყოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი — ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და შემოქმედებითი მიღწევების გზაზე! 

2 აგვისტო 18:00 საათი

 გეპატიჟებით სოლო კონცერტზე!
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2026 წლის 2 აგვისტოს, 18:00 საათზე, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდის სოლო კონცერტი.
 მისამართი: ქ. თელავი, ერეკლე II-ის მოედანი №7
 დასაწყისი: 18:00 საათი
 დასწრება თავისუფალია.
გელით, რათა ერთად გავიზიაროთ ქართული საგუნდო მუსიკის სილამაზე და გოგონათა გუნდის გამორჩეული საშემსრულებლო ხელოვნება.

გორის გოგონათა გუნდის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება!

სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გორის გოგონათა გუნდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას ზეიმობს.
ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის „Golden Time Talent“-ის შედეგები, რომლის მიხედვითაც გორის გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა. 
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წინასწარ შერჩეული მონაწილეები. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით მსოფლიო ასპარეზზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება შევძელით.
ამ წარმატების უკან დგას გუნდის წევრების დიდი შრომა, მონდომება და პროფესიონალიზმი, ასევე გუნდის დირიჟორის, ნინო წიკლაურის, მაღალი პროფესიული ოსტატობა და დაუღალავი საქმიანობა, რომლის ხელმძღვანელობითაც გორის გოგონათა გუნდი არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს.
გულითადად ვულოცავთ გორის გოგონათა გუნდის თითოეულ წევრს, გუნდის დირიჟორს ნინო წიკლაურს და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ გამარჯვებაში. ვუსურვებთ მათ მომავალშიც მრავალ საერთაშორისო წარმატებას და შემოქმედებით წინსვლას.
 მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარს გვიჭერს და იზიარებს ჩვენს წარმატებას. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია!