სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გორის გოგონათა გუნდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას ზეიმობს.
ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის „Golden Time Talent“-ის შედეგები, რომლის მიხედვითაც გორის გოგონათა გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წინასწარ შერჩეული მონაწილეები. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულებით მსოფლიო ასპარეზზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება შევძელით.
ამ წარმატების უკან დგას გუნდის წევრების დიდი შრომა, მონდომება და პროფესიონალიზმი, ასევე გუნდის დირიჟორის, ნინო წიკლაურის, მაღალი პროფესიული ოსტატობა და დაუღალავი საქმიანობა, რომლის ხელმძღვანელობითაც გორის გოგონათა გუნდი არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს.
გულითადად ვულოცავთ გორის გოგონათა გუნდის თითოეულ წევრს, გუნდის დირიჟორს ნინო წიკლაურს და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ გამარჯვებაში. ვუსურვებთ მათ მომავალშიც მრავალ საერთაშორისო წარმატებას და შემოქმედებით წინსვლას.
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარს გვიჭერს და იზიარებს ჩვენს წარმატებას. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია!
