პროფესიული ორიენტაცია ადრეული ასაკიდან – სტუმრობა სამუსიკო კოლეჯში

პროფესიების გაცნობა – წარმატებული კარიერისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი
მომავალი კარიერის არჩევისა და სხვადასხვა პროფესიის გაცნობა ადრეული ასაკიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ მიზნით განხორციელებული კამპანიის ფარგლებში სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯს ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ვარიანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯი, სასწავლო აუდიტორიები, გაეცნენ პროფესიულ საგანმანათლებლო გარემოს, სასწავლო პროცესს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს. მათ მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და იმ პერსპექტივების შესახებ, რომლებიც კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულების შემდეგ ეძლევათ.
განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი პროფესიული სტუდენტები მიღებულ ცოდნას უკვე წარმატებით იყენებენ პრაქტიკაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ეკა იმერლიშვილი, რომელიც დღეს ზემოხსენებული მოსწავლეების პედაგოგია და საკუთარი პროფესიული საქმიანობით ადასტურებს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და ეფექტიანობას.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებში პროფესიული განათლების მიმართ ინტერესის გაზრდას, პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებას და მომავალი კარიერული არჩევანის გაცნობიერებულად დაგეგმვას.